სესიაშვილი: ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ იმედიანი, რომ ვირუსს დავამარცხებთ

ტვ პირველი

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მარნეულის შესასვლელთან ჩავიდა. მარნეული, ისევე, როგორც ბოლნისი 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მთავრობის განკარგულების აღსრულებას პოლიციასთან ერთად თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ.

სესიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება რთული სცენარისთვის ემზადება, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ ვირუსი დამარცხდება.

"ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ შესაბამის წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლს და ასევე, მაქსიმალურად დაცულია მათი ჯანმრთელობა, სპეციალისტების რჩევების მიხედვით. მეც გავიარე ყველა პროცედურა, სანამ გავეცნობოდი მათ საყაზარმო პირობებს. მინდა, მადლობა გადავუხადო და გავამხნევო ისინი იმიტომ, რომ ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა და ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ იმედიანად ვართ. ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ", - თქვა სესიაშვილმა.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 23 მარტს გამოცხადდა. მიზეზი 60 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელსაც ახალი კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა, მისი კონტაქტების ჯაჭვში კი დაახლოებით 1700 ადამიანია, მათ შორის, ბოლნისში მცხოვრები ადამიანებიც.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა

კომენტარები