კორონავირუსი საქართველოში

თავდაცვა: ორ სამხედროს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორ სამხედროს, რომელთაც ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

სამინისტრო აცხადებს, რომ აქამდე კორონავირუსი არცერთ სამხედროს არ დადასტურებია. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ, სამხედრო ბაზებზე კი დეზინფექცია რეგულარულად ტარდება. მათი თქმით, მუდმივად ამოწმებენ სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურასაც. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა. აქტიური 63 შემთხვევიდან ერთი მარნეულელი ქალია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. 

სწორედ ამ პაციენტის შემთხვევასთან დაკავშირებით გამოცხადდა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. 

60 წელს გადაცილებულ მარნეულელ ქალს კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, “რაოდენობა კიდევ უფრო მეტია”. ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ეს მეოთხეული გადაცემის პირველი შემთხვევაა, რაც შიდა გავრცელებას გულისხმობს - ქალი ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს, თუ ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა ინფექცია. 

კომენტარები