კორონავირუსი საქართველოში

ევროპულმა საქართველომ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი აჩუქა

გიორგი ღვინიაშვილი, გიორგი კანდელაკი და გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ მარნეულის მუნიციპალიტეტს, რომელშიც ბოლნისის მსგავსად მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, 20 000-მდე სამედიცინო ხელთათმანი გადასცა. 

პარტიის ლიდერებმა ხელთათმანები ბლოკ-პოსტთან მიიტანეს და ევროპული საქართველოს მარნეულის ოფისის წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა მათ შეიტანონ ხელთათმანები მუნიციპალიტეტში. 

ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებით, ისინი მსგავსი აქტიურობით შეეცდებიან კარანტინში მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერას. 

"ჩვენ აქ ჩამოვიტანეთ რამდენიმე ათასი წყვილი ხელთათმანი. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში. ასევე ევროპული საქართველოს ადგილობრივი წევრები მზად არიან, რომ იმუშაონ მოხალისეებად, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ჩვენს თანამოქალაქეებს,"- ამბობს გიორგი ღვინიაშვილი. 

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 23 მარტს გამოცხადდა. მიზეზი 60 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელსაც ახალი კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა და რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საიდანაც 90-მდე პირია გამოკვლეული. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. 

კომენტარები