ტიკარაძე: Covid 19-ის გავრცელების პიკი შეიძლება იყოს 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ახალი კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკი 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდეა მოსალოდნელი.

"რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება იყოს დღესდღეობით Covid-ი, ეს მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში. ამ კვირაში პიკს არ ველოდებით, მაგრამ დინამიურ მატების მოლოდინი გვაქვს",- თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, ჩინელმა და კორეელმა მედიკოსებმა ქართულ მხარეს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, ეყრდნობიან გერმანიის სახელმძღვანელო წესებს.

"ჩვენი სპეციალისტები იყენებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ არსებობს", - თქვა მან.

რაც შეეხება მარნეულში გამოვლენილ შემთხვევას და ინფიცირებულ ქალს, რომელიც მარნეულის ჯეო ჰოსპიტალში 18 მარტიდან მკურნალობდა, თუმცა, ახალ კორონავირუსზე ტესტი რამდენიმე დღის შემდეგ, 22 მარტს აუღეს - ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ფაქტს იძიებენ.

"თუმცა, გამომდინრე იქიდან, რომ Covid-ის შემთხვევაზე ეჭვის მიტანა საქართველოში დღემდე, ყველა რეკომენდირებული საერთაშორისო წესით, ხდებოდა იმ ისტორიის საფუძველზე, იმყოფებოდა თუ არა ის უცხოეთში, სადაც არის ინფიცირებული ზონა, ეს იყო გარკვეული საფუძველი იმისა, რომ ექიმები შესულიყვნენ შეცდომაში და Covid-ის პნევმონია მიეჩნიათ ჩვეულებრივ ვირუსულ ფილტვების ანთებად.

თუმცა, ეს გაიდლაინი იცვლება და დღეიდან გაცილებით მეტი პაციენტი დაიტესტება და ბევრად უფრო გაღრმავდება პრევენციული ღონისძიებები", - თქვა ტიკარაძემ.

მარნეულში 22 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. კორონავირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის 4 წევრსაც.

მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა ექიმებთან ერთად მარნეულსა და ბოლნსისში 4 000-ზე მეტი ოჯახი, ჯამში 20 000 ადამიანი შეისწავლა. მათგან 25-ს ჰქონდა სიცხე, 2-ს სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მათ აუღეს ანალიზები ახალ კორონავირუსზე, პასუხები 25 მარტს იქნება ცნობილი.

"ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღემდე გატარდა - ზონის ჩაკეტვა, წითელ ზონად გამოცხადება და ადამიანების შესწავლა, გამომდინარეობს იქიდან, რომ მოვახდინოთ ეპიდაფეთქების პრევენცია. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, რომ ეპიდაფეთქება მოხდეს მარნეულში, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ სიმპტომების დროული დადგენით და შესაბამისი ტესტირებების ჩატარებით ჩვენ შევძლებთ ვირუსის ლოკალიზებას და შემდგომში დროულ მართვას", - თქვა ტიკარაძემ.

ამ შემთხვევის გამო, 23 მარტის 01:00 საათიდან მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ჯანდაცვის სამინისტროსვე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საქართველოში ჩინეთიდან 3 000 სწრაფი ტესტი შემოვა, რომელიც ეპიდემიოლოგებს გაფართოებული ტესტირების შესაძლებლობას მისცემს. აპრილის ბოლომდე კი, 4 ეტაპად, საქართველოში 200 000-ზე მეტი სწრაფი ტესტი იქნება შემოსული.

24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4055 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

მსოფლიოში კორონავირუსის 417 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. დაიღუპა 18 595 ადამიანი. გამოჯანმრთელდა - 108 300.

კომენტარები