სასურსათო პროდუქტები

სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესანარჩუნებლად მთავრობა 10 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ფასები ცხრა სასურსათო პროდუქტზე.

ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

ამისათვის 23 მარტს მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გაუძღვება.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, პროგრამა ითვალისწინებს "2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას."

სუბსიდირება, დადგენილების თანახმად, 2020 წლის 15 ივლისამდე განხორციელდება.

 

კომენტარები