კორონავირუსი საქართველოში

ზალკალიანი: ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები 7 ავიარეისით დაბრუნდებიან

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცედურებზე ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, საქართველოს ავიახაზებთან უკვე შეთანხმებულია უახლოესი ორი კვირის გრაფიკი, რომლითაც მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

"ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოს ავიახაზებთან ერთად გავწეროთ ფრენების გრაფიკი, რომლითაც მოხდება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნება სამშობლოში. ხაზს ვუსვამ ეტაპობრივი, ვინაიდან ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად მოქალაქეების მისაღებად, რომლებმაც ჩამოსვლის შემდეგ 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი უნდა გაიარონ", — ამბობს ზალკალიანი. 

"მინდა გაცნობოთ რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით აირზენასთან და შედგენილი არის უახლოესი ორი კვირის გრაფიკი. მინდა გაცნობოთ, რომ კვირაში შედგება ორი რეისი. მათ შორის დღეს შედგება ბერლინის ფრენა", — განაცხადა ზალკალიანმა. 

ფრენების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 23 მარტი — ბერლინი - თბილისი, საქართველოს ავიახაზები;
  • 24 მარტი — საბერძნეთი - თბილისი, ეგეოსის ავიახაზები,;
  • 26 მარტი — ვენა - თბილისი, საქართველოს ავიახაზები;
  • 31 მარტი — ამსტერდამი - თბილისი, საქართველოს ავიახაზები;
  • 3 აპრილი — ვარშავა - თბილისი, საქართველოს ავიახაზები;
  • 7 აპრილი — ათენი - თბილისი, საქართველოს ავიახაზები;
  • 10 აპრილი — ლარნაკა - თბილისი, საქართველოს ავიახაზები.

დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ერთი ბილეთის მაქსიმალური ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს მკაცრად დადგენილი და შეთანხმებული ზღვარია. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე საზღვარგარეთიდან საქართველოში უკვე 3 ათასმდე მოქალაქეა დაბრუნებული.

 

კომენტარები