ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მიმართულების დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დილით ჩატარებული რვა ტესტიდან რვავე პასუხი უარყოფითია, ამჟამად კი ექვს პაციენტზეა კვლევა აღებული.
ეზუგბაია ამბობს, რომ ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს, აქედან კი სამის მდგომარეობაა მძიმე:
"ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს სამი მძიმე ავადმყოფი. ორი ქალბატონი, შედარებით ასაკოვანი, სხვადასხვა ასაკით. ერთს აქვს თანარსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, რომელიც ასაკთან ერთად უფრო მაღალ რისკში გადის, მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რის გამოც, ორივე პაციენტი, სამომავლოდ, პროგნოზულად, პროგრესირების თვალსაზრისით, მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან.
გარდა ამისა, კიდევ ერთი პაციენტი გყავს მძიმე, რომელიც გუშინ შეგვემატა. ესეც შუახანს გადაცილებული პირი არის, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნემვმონია. ამ ეტაპზე დაწყებულია მკურნალობა, ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია გვექნება."
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:
"ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე ყველაფერი მშვიდად არის და არავითარი გართულებების რისკი ამ წუთებში არ მოიაზრება."
ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სამი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.





