მსოფლიო პატრიარქმა ერისკაცებისგან დაცლილ ტაძარში წირა

მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, დღეს, ფანარის წმიდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ერისკაცთაგან დაცლილ ტაძარში წირა.

 

მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მარტის ბოლომდე შეწყდა ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია.

მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებით, ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელების შესაბამისად. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები.

---

დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღსრულდა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად და მრევლის თანდასწრებით აღასრულებდა. წირვას ესწრებოდნენ ბავშვები. საქართველოს ეკლესიამ ისინი სხვა მორწმუნეებთან ერთად, ერთი კოვზით აზიარა.

კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომაროების გამოცხადების მიუხედავად, რომელიც 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრას კრძალავს, სამებაში წირვა მაინც ტარდება.

საქართველოს ეკლესია უარს ამბობს, როგორც ღვთისმსახურებათა შეჩერებაზე, ისე ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლაზე.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა. 

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა: "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა, ზიარების წესი არ შეცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი ზომები არ მიიღო.

წმიდა სინოდმა გვერდი აუარა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და არ გაითვალისწინა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ მიღებული დამატებითი ზომები.

სინოდის სხდომის ოქმის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

საბერძნეთის შემთხვევაში, წმიდა სინოდის მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებას, რომელიც არ აკმაყოფილებდა ქვეყნის ჯანდაცვის დაწესებულებების მოთხოვნებს, საბერძნეთის მთავრობამ ღვთისმსახურებების შეჩერებით უპასუხა.

არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზიარებელი კოვზის დეზინფექცია დაიწყო მოსკოვის საპატრიარქომ, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოვზი საერთოდ ამოიღო პრაქტიკიდან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილმა ერისკაცებისთვის ლიტურგიაზე არდასწრების რეკომენდაცია გასცა.

საქართველის ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების შემდეგ, რომელმაც გამონაკლისების გარდა ყველა სახის ვაჭრობას კრძალავს, ეკლესია აგრძელებს ღვთისმსახურებების აღსრულებას, რაც ეპიდემიის გავრცელების რისკს წარმოქმნის.

კომენტარები