კორონავირუსი საქართველოში

გახარია ეკლესიაზე: შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 10 ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს, შეეხება ყველასა და ყველაფერს. პრემიერმინისტრმა ასე უპასუხა შეკითხვას, შეეხება თუ არა შეზღუდვები და აკრძალვები რელიგიურ ორგანიზაციებს. 

"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. 10 ადამიანამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა,"- თქვა გახარიამ ბრიფინგზე. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება "დიდ პატივს" სცემს "ტრადიციებს და რწმენას", მათი უპირველესი ვალდებულება მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვაა. 

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ და შევქმნათ ყველა ის პირობა, რომელიც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემები არ გვექნება,"- ამბობს გახარია. 

საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო მდგომარეობა ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს კომენდანტის საათის დაწესებასა და გადაადგილების შეზღუდვას. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პრეზიდენტის ბრძანება სჭირდება, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრემიერმინისტრმა. ბრძანების გამოცემისთანავე საგანგებო მდგომარეობა 48 საათის განმავლობაში ავტომატურად შედის ძალაში, რომლის დროსაც ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

თუკი 48 საათის განმავლობაში პარლამენტი ბრძანებას არ დაამტკიცებს, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. 

20 მარტს წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ისინი არც ღვთისმსახურებას შეაჩერებენ და არც ზიარების წესს შეცვლიან, რომლის დროსაც მრევლი ერთი და იმავე კოვზით ეზიარება.

კომენტარები