საგანგებო სიტუაცია

ხუნდაძე: ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა

ტაბულა

"ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი," - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

ხუნდაძის თქმითვე, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძლევად, თუმცა აუცილებელია მოქალაქეების სოციალური პასუხიმგებლობა და "სოციალური სიმჭიდროვის განტვირთვა." ხუნდაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

"ჩვენ ევროპასთან შედარებით, მოვიგეთ სამი კვირა ეს არის ძალიან კარგი. პირველი ფაზა გავიარეთ ეს არის ე.წ შეკავების ფაზა, საკმაოდ წარმატებულად, ახლა შევდივართ პრე-კრიზისულ ფაზაში, რომელიც ერთი-ორი კვირა გავრცელდება და მას მოჰყვება უკვე კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, სწორედ ამას ვეძახი მე უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას. ამიტომ მე ვფიქრობ აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს," - ამბობს ხუნდაძე.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. კერძო და საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია, რომ შეძლებისდაგვარად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. 

დღეიდან დაიკეტა ყველა სავაჭრო სივრცე, აფთიაქების და მარკეტის გარდა. ასევე მუშაობას აგძელებენ ბანკები და ფოსტა.

კომენტარები