გამყრელიძე: მივმართეთ გილეადს, Covid 19-ის სამკურნალოდ რემდესივირი გამოგვიყოს

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ მიმართა კომპანია გილიადს, გამოყოს პრეპარატი რემდესივირი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ.

რემდესივირი ანტივირუსილი პრეპარატია, რომელიც ებოლას ეპიდაფეთქების დროს შეიქმნა. ებოლას განკურნება ამ პრეპარატით ვერ მოხერხდა, თუმცა, ამერიკელი და ჩინელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Covid 19-ის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ.

რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1.

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ კაფე-ბარებსა და რესტორნები, ასევე თავშეყრის სხვა ადგილებში სიარულისგან.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

კომენტარები