კორონავირუსი საქართველოში

მარინა ეზუგბაია: უცნობია ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი ინფიცირების წყარო.

"ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევებში ინფიცირების წყარო - ყოველ შემთხვევაში, არსებობს მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე, ასევე ჩვენს პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების სია. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი ინფიცირების მკვეთრი წყარო", — აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაიამ, ასევე ისაუბრა დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე - მისი თქმით, პაციენტებს მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი პაციენტის მდგომარეობა ბოლო საათებში არ გართულებულა.

ეზუგბაიას თქმით, დღეს 17 მარტს დღის მეორე ნახევარში აღებული 11 ტესტის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი და მისი შედეგებს საზოგადოებას ხვალ გააცნობენ. ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით - Covid-19-ით ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო 64 სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით განკურნების მხოლოდ ერთი შემხთხვევაა დადასტურებული. როგორც ცნობილია გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

კომენტარები