ვიდეომიმართვა

მელ და მაქს ბრუქსები კორონავირუსის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებენ

Entertainment Weekly

ლეგენდარული კომიკოსი მელ ბრუქსი და მისი შვილი მაქსი ვიდეომიმართვას ავრცელებენ, რომელშიც კორონავირუსის ეპიდემიის დროს სოციალური დისტანცირების შესახებ საუბრობენ.

"გამარჯობა, მე მაქს ბრუქსი ვარ, 47 წლის. ეს კი მამაჩემი მელ ბრუქსია, 93 წლის. მე თუ დამემართება კორონავირუსი დიდი ალბათობით კარგად ვიქნები. მამას თუ დაემართა კორონავირუსი ის გადასდებს კარლ რეინერს, რომელიც გადასდებს დიკ ვან დაიკს და სანამ რამეს მივხვდები ლეგენდარული კომიკოსების მთელი თაობა გაქრება. როდესაც კორონავირუსზეა საუბარი, პირველ რიგში გარშემომყოფებზე ვფიქრობ, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. დაიცავით სოციალური დისტანცირების წესები, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები, სხვა ადამიანისგან 6 ფუტის მოშორებით იდექით და თუ შეგიძლიათ სახლში დარჩით. თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღეთ, ნუ იქნებით ვირუსის გამვრცელებლები,"-ამბობს ვიდეომიმართვაში მაქს ბრუქსი.

მელ ბრუქსმა სახელი 70-იან წლებში გაითქვა. მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ისეთი საკულტო პაროდიული ფილმების სულისჩამდგმელია, როგორებიც არის Spaceballs, History of The World, Life Stinks.

კომიკოსის შვილი მაქსი მწერალია. მის კალამს ეკუთვნის წიგნები The Zombie Survival Guide, World War Z.

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 4,411 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 77. გარდაიცვალა 74 ადამიანი.

კომენტარები