თურნავა: ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ აჟიოტაჟი და წუხილი უსაფუძვლოა

მარაგები სავაჭრო ქსელში არის საკმარისზე მეტი. ჩვენი სავაჭრო სისტემა ძალიან კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ პროდუქტზე მოხმარების გაზრდის რამე საფუძველი არ არსებობს. ჩვენ სრულიად ვმართავთ, მათ შორის ლოჯისტიკურად, მომარაგების საკითხს. ჩვენ ჩართული ვართ თითოეული მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში, თითოეული პრობლემა ძალიან სწრაფად მოდის ჩვენამდე და ჩვენ ამას ვაგვარებთ. აქედან გამომდინარე, პროდუქტების, პირველადი მოხმარების საქონლის შეუფერხებელი მიწოდების საფრთხე არ არსებობს. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, ნუ აყვებიან ირაციონალურ შიშებს. კორონავირუსი ესაა გლობალური და ახალი გამოწვევა. რასაკვირველია, ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ ავყვეთ უსაფუძვლო აჟიოტაჟს და წუხილს.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მას შემდეგ, რაც მთავრობის და სასურსათო მაღაზიათა ქსელების დირექტორების შეხვედრა დასრულდა. 14 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევაა. გამოვლინდა ვირუსის მესამეული, ანუ შიდა გადაცემაც. პირველი დაინფიცირებული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. მოსახლეობა კარანტინისთვის საკვებს იმარაგებს. ვრცელდება სუპერმარკეტებში რიგების და ცარიელი დახლების ფოტოები.

კომენტარები