12 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალიკორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული, მსოფლიოში კი ჯამში - 130 000-მდე.
ვირუსის გავრცელებასთან ერთად თითოეულ ჩვენგანს არაერთი შეკითხვა გვიჩნდება, მაგალითად, რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს, როგორ ხდება ვირუსის დიაგნოსტირება და რა შემთხვევაში ხვდება მოქალაქე საკარანტინო ზონაში.
სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს თავი ერთად მოუყარა სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შეიქმნა.
გთავაზობთ 12 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვასა და პასუხს:
- რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
ახალი კორონავირუსის სიმპტომები, ძირითადად, მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით ხასიათდება, თუმცა შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ: - გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სურდო, მაგრამ ამასთან ბოლო 14 დღის განმავლობაში არ გიმოგზაურიათ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან.
ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და აღგენიშნებათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება ან არ აღგენიშნებათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან.
მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს.
- როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს?
კორონავირუსის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.
- გადაეცემა თუ არა ადამიანს ახალი კორონავირუსი ამანათთან შეხებით?
ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.
- რატომ არის ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი და რატომ გაიზარდა მისი ფასი?
ახალი კორონავირუსის გამო გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, რამაც მსოფლიოში გამოიწვია დეფიციტისა და ფასის პრობლემა. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
- როგორ ხდება ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკა და რა ღირს?
სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი) ტარდება, თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე სადიაგნოსტიკო კვლევები, მათ შორის, სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
- როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ქვეყანა?
პირი, რომელიც რამდენიმე დღეა, შემოვიდა საქართველოში დაავადების გავრცელების არეალიდან და არ აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა იყოს თვითიზოლაციაში 14 დღის ვადით, ხოლო თუკი ვირუსის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები გამოუვლინდება, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს.
- რა შემთხვევაშია მოქალაქის ყოფნა აუცილებელი იზოლაციაში და რამდენი ხნით?
მოქალაქეს იზოლაციის მითითება ეძლევა, თუ არ აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია და არ აქვს ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში და შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან ან იმყოფებოდა ინფექციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე ეჭვით და დიაგნოსტიკური კვლევით არ დაუდასტურდა ვირუსის არსებობა.
იზოლაციის პერიოდი განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თვითიზოლაციას ან კარანტინს.
- რა შემთხვევაში ხვდება მოქალაქე კარანტინში და რა შემთხვევაში - თვითიზოლაციაში?
თუ ეპიდემიოლოგის შეფასებით, პირის საცხოვრებელი ადგილი შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ ის სახლში იგზავნება, სადაც ეპიდემიოლოგის მიერ მისი პერიოდული კონტროლი მოხდება. სხვა შემთხვევაში მას შერჩეულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
- როგორ უნდა მოიქცეს თვითიზოლაციაში მყოფი პირი?
რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე.
- გაიცემა თუ არა იზოლაციაში მყოფი პირისთვის სამსახურში წარსადგენი ცნობა?
თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
- რომელი ქვეყნებია მიჩნეული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად?
ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა.
- რა არის ზოგადი რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად?
ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/თვალში/პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.
-
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001




