სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ზალკალიანი: სახ.დეპ-ის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება და შენიშვნებს ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ყველა რეკომენდაცია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის, იქნება გათვალისწინებული. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსგავსი რეკომენდაციები გაიცემა ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებთან მიმართებაში, სწორედ ამ კუთხით და მაღალი სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით აღვიქვამთ ამ განცხადებას. ბუნებრივია, მასზე იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება", - თქვა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

ზალკალიანისვე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპატამენტის ანგარიშებში არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზე მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია.

"განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიუღებლობაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს არის კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა ფორმატი გამოვიყენოთ, რომ დამკვიდრდეს ეს ტერმინი. ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შესაბამისი რეკომენდაციებიდან გამომდინარე. გვექნება ამის შესახებ საუბარი ჟენევის ფორმატში, ასევე ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში. კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად ხაზს უსვამს მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

უახლოეს პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი რეზოლუციები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში. ბუნებრივია, ეს რეზოლუცია და რეკომენდაციები ამ თვალსაზრისითაც გამოგვადგება", - თქვა ზალკალიანმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების ანგარიში 11 მარტს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "მნიშვნელოვანი პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად. უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გადამეტება, არსებითად ჩარევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ; და დანაშაულები, რომლებშიც ძალადობნენ ლგბტი-ი ადამიანების წინააღმდეგ ან მათ ემუქრებოდნენ".

ვრცლად ნახეთ აქ და აქ.

კომენტარები