ეროვნული ბანკი

გვენეტაძე: ჩავერევით იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე შეექმნება ინფლაციის მანდატის შესრულებას

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კორონავირუსის ზიანის შესარბილებლად იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ინფლაციაზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება:

"ეროვნული ბანკი ჩაერევა იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ის განვითარებები, რომელიც ხდება გაცვლით კურსთან დაკავშირებით, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ინფლაციის მანდატის შესრულებას." - თქვა გვენეტაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროგნოზების გაკეთებას ერიდება, თუმცა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, შესამცირებელი იქნება:

"ძალიან რთულია ამ ეტაპზე რაიმეს კონკრეტულად თქმა. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის [პროგნოზის] გადახედვა საჭირო იქნება, შემცირება იქნება საჭირო."

ამასთან, გვენეტაძე ამ ეტაპისთვის გამორიცხავს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას:

"ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეიძლება შერბილდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით მართლდება, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ წნეხი, რომელიც ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მოდის, აღარ არსებობს ახლა ინფლაციაზე."

რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 9%-ზეა. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კი 5 მარტს, კორონავირუსის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენების შესაბამისად, მთავრობა მზადაა როგორც მონეტარული, ისევე ფისკალური სტიმულისთვის.

კომენტარები