4 აპრილის აქცია

ბაქრაძე: დიდი ალბათობით, აქციები გადაიდება და 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება

დავით ბაქრაძე
ტაბულა

"ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ისედაც განვიხილავდით რამდენად მიზანშეწონილი იყო აქციების ჩატარება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ კორონავირუსს და მოქალაქეებისთვის არსებულ საფრთხეს. მით უმეტეს ამ ფონზე, როდესაც შეთანხმება მიღწეულია, დღეს განვიხილავთ და საბოლოო პოზიციას გეტყვით, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, აქციები გადაიდება და 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება", - ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

თუმცა, როგორც ბაქრაძე განმარტავს, ეს ყველაფერი მმართველ გუნდზეა დამოკიდებული. ბაქრაძის თქმით, თუ ხელისუფლება კვლავ დაარღვევს პირობას და შეთანხმების რომელიმე ნაწილს არ შეასრულებს, ეს "პროცესს დააბრუნებს უკან". 

"ჩვენი სურვილი და განზრახვა არის ის, რომ აქციები აღარ ჩატარდეს და ყველანი გადავიდეთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში", - ამბობს ბაქრაძე.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით დაავადებული 14 პირია მოთავსებული. ხოლო, საჩხერის საავადმყოფოში - 1 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება საარჩევნო შეთანხმებას, შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები