ტიკარაძე: ვაკვირდებით ვირუსის განვითარებას, თუ საჭირო გახდა, არდადეგები გახანგრძლივდება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბაღებსა და სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდეს. ამ და სხვა საკითხებზე, რაც კორონავირუსის მართვას უკავშირდება, პრემიერმინისტრთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

"ერთ საათში მივდივართ პრემიერთან შეხვედრაზე. იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების სამინისტროც, მივიღებთ დამატებით ზომებს და გავაკეთებთ კომენტარს.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ბაღების მიმართ მოთხოვნა გამკაცრდება.

ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. თუ საჭირო გახდება, არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებასაც მივიღებთ", - თქვა ტიკარაძემ.

ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი 2 კვირით, 16 მარტამდე არის შეწყვეტილი.

ტიკარაძისვე თქმით, ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეში იმყოფება 170 პირი, 32 - სტაციონარში. მათგან 9-ს აქვს დადასტურებულად კორონავირუსული ინფექცია. დამატებით პაციენტებზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ჯანდაცვის მინისტრისვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია ბოლო 6 პაციენტის ოჯახის წევრების, სულ 7 პირის სინჯები. კიდევ 25 ადამიანი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ აკვირდებიან.

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. 5 პაციენტი გუშინ გამოვლინდა, ისინი მე-4 გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები არიან.

კომენტარები