ტიკარაძე: იტალიასთან ფრენების შეჩერება ვირუსის მენეჯმენტს გაართულებს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იტალიასთან ფრენების შეჩერება არ განიხილება, ვინაიდან ეს კიდევ უფრო გაართულებს ვირუსის გამოვლენას და მართვას.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ფრენების შეჩერების რეკომენდაცია არ აქვს, თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ ამცირებენ ფრენებს, რაც გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ფრენების შეჩერებას. იტალიაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ფრენის შეწყვეტა მათ შეუქმნის დამატებით პრობლემებს, მათ სამშობლოში სხვა გზებით დაბრუნება მოუწევთ, რაც ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს გაართულებს. ვინაიდან, ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილია, საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას, ჩაკეტვის შემთხვევაში კი ისინი სხვადასხვა რეისებზე დაიფანტებიან, რაც ვითარებას გაართულებს", - თქვა ტიკარაძემ.

იტალიასთან, რომელიც ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ფრენები არ შეჩერებულა, თუმცა, ავიაკომპანიებმა რეისები შეამცირეს.

მინისტრისვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეში იმყოფება 170 პირი, 32 - სტაციონარში. მათგან 9-ს აქვს დადასტურებულად კორონავირუსული ინფექცია. დამატებით პაციენტებზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ჯანდაცვის მინისტრისვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია ბოლო 6 პაციენტის ოჯახის წევრების, სულ 7 პირის სინჯები. კიდევ 25 ადამიანი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ აკვირდებიან.

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. 5 პაციენტი გუშინ გამოვლინდა, ისინი მე-4 გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები არიან.

კომენტარები