კორონავირუსი საქართველოში

EVEX: დაინფიცირებულთაგან ერთი ჩვენი სათავო ოფისის შენობაში მუშაობდა, თუმცა არა - ჰოსპიტალში

partner.sciencenorway.no

სამედიცინო ცენტრ ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ, დაადასტურა, რომ იმ 5 პირიდან ერთერთი, ვისაც დღეს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ევექსის სათავო ოფისის შენობაში მუშაობდა, სადაც რამდენიმე კომპანია ფუნქციონირებს. 

თუმცა, ნიორაძისვე თქმით, ევექსის ჰოსპიტალების არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს. 

"ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს და მინდა, აქაც გაგცეთ ყველას პასუხი: ევექსი ჰოსპიტალების არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენს სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა ერთი შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4-სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,"- წერს ნიორაძე.

Evex-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ 5 პირიდან, ვისაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ერთერთი ევექსში მუშაობდა და ვირუსის გამოვლენამდე სამსახურში დადიოდა. 

ამ შეკითხვით ფორმულას წამყვანმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძესაც დაუსვა კითხვა, რომელმაც თქვა, რომ დაინფიცირებულთაგან ერთერთერმა ნამდვილად მოასწრო სხვა ადამიანებთან კონტაქტი, თუმცა მისივე განმარტებით, ყველა მათგანი მოძიებულია. 

ჯანდაცვის სამინისტრომ 5 მარტს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოავლინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, დაკავშირებული იყო მეოთხე, 4 მარტს იდენტიფიცირებულ პირთან. ექვსივე მათგანი სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდა იტალიაში. 

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ჯამში 9 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან 2 ირანში დაინფიცირდა, ხოლო 7 - იტალიაში. 

ერთის გარდა, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა "დამაკმაყოფილებელი და კარგია".

კომენტარები