კორონავირუსით კაცის გარდაცვალების შემდეგ კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტის, 71 წლის კაცის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გარდაცვლილი კაცი ვირუსით საკრუიზო გემზე დაავადდა და საკრამენტოსთან მდებარე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. გემი კალიფორნიაში მექსიკიდან ჩავიდა და შემდეგ ჰავაიში გაემართა. მასზე ათასობით მგზავრი იმყოფებოდა. ამჟამად კარანტინშია გემზე მყოფი 62 ადამიანი. მათგან სავარაუდოდ ვირუსით დაავადებულია 11 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.

ამ დროისათვის აშშ-ის 16 შტატში ვირუსით დაავადების 150 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი. მათგან 10 ვაშინგტონის შტატში, სადაც ასევე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

თეთრმა სახლმა ქვეყნის მასშტაბით ვირუსზე ტესტირების პროგრამის გაფართოება გამოაცხადა. აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესა უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა ქვედა პალატამ კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, გამოყოფილი თანხიდან 3 მილიარდი დოლარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ექსპრეს ტესტების და თერაპიული საშუალებების შესაქმნელად დაიხარჯება, 1,2 მილიარდი დოლარი კი - კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-ის საზღვრებს გარეთ. 1 მილიარდი დოლარი მედიკამენტების შეძენას, ხოლო 2 მილიარდი - პროფილაქტიკურ ზომებს მოხმარდება.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 95 ათასს აღემატება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3284-ია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 50 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

დახმარება იმ ქვეყნებს გადაეცემათ, სადაც კორონავირუსს ებრძვიან. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის გავრცელებამ უკვე უკან დაწია ეკონომიკის გლობალური ზრდა. მათი შეფასებით 2020 წელს ეკონომიკის ზრდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ნელი იქნება.

ფინანსური დახმარება გათვლილია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა.

კომენტარები