თურქეთი

თურქეთის პარლამენტში სირიის საკითხზე კამათს ხელჩართული დაპირისპირება მოჰყვა

Midland Daily News

თურქეთის მხრიდან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის განხილვას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ათობით დეპუტატის მხრიდან ხელჩართული დაპირისპირება მოჰყვა. 

ჩხუბის ამსახველი ვიდეო-კადრები ადგილობრივი მედიისა და Twitter-ის მომხმარებლების მხრიდან გავრცელდა. დაპირისპირება ქვეყნის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიისა და მთავარი ოპოზიციური ძალის "რეპუბლიკელი ხალხის პარტიის" დეპუტატებს შორის მოხდა. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის დეპუტატი ენგინ ოზკოჯი საპარლამენტო ტრიბუნასთან გამოჩნდა. სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე მან პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს "უპატივცემულო, უღირსი, მდაბალი და მოღალატე" უწოდა. 

თავისი პარტიის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია "უპატივცემულობაში, უღირსობაში, სიმდაბლესა და მოღალატეობაში", რადგან მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თურქეთის სამხედრო ოპერაცია იდლიბის პროვინციაში. 

იდლიბის პროვინციაზე რუსეთის მხარდაჭერით ბაშარ ალ-ასადის ძალები თავდასხმას აგრძელებენ. რუსეთისა და სირიის მთავრობის ძალების თავდასხმის ობიექტები ხდება საავადმყოფოები და სკოლები. მხოლოდ მიმდინარე წელს თავდასხმებს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. გაეროს მონაცემებით ეს მსხვერპლი 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმებითაა გამოწვეული. იდლიბზე თავდასხმის განახლების გამო საცხოვრებლის მიტოვება მოუწია მილიონზე მეტ ადამიანს, რამაც მიგრანტთა ახალი ტალღა წარმოქმნა. თურქეთში ამ დროისთვის უკვე 3.6 მილიონი სირიელი მიგრანტია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ქვეყანა ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება და მიგრანტებს ევროპის ქვეყნებისაკენ საზღვრები გაუხსნა. 

კომენტარები