დედა

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილმი დედებზე

ტაბულა

კინემატოგრაფის ისტორია დედაზე ბევრ არაჩვეულებრივ ფილმს ინახავს, დატვირთულს ემოციებით, დედა-შვილური ურთიერთობების ყველაზე ნათელი მომენტებითა და ამავე ურთიერთობის მძიმე და რთული ეპიზოდებით. 

დღეს დედის დღეა და ჩვენ გავიხსენეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილმი დედებზე:

Todo sobre mi madre

პედრო ალმოდოვარის ამ ფილმში მოთხრობილია დედის ისტორია. სურათში რეჟისორი ისეთ თემებს ეხება, როგორც ეგზისტენციალიზმი, ჰომოფობია, შიდსთან ბრძოლა და, რა თქმა უნდა, ოჯახური ურთიერთობები. ალმოდოვარის დაუვიწყარ ფილმშიTodo sobre mi madre სესილია როტმა დედის  ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პორტრეტი შექმნა. 


ფოტო: IMDB

Mother 

ჯუნ ჰო-ბონგმა თავის ფილმში სასოწარკვეთილი დედის არაჩვეულებრივი პორტრეტი შექმნა. ქალს, რომლის შვილსაც ციხე ემუქრება, შეუძლია ერთ მომენტში ყველა შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა აიტანოს, მეორე წამს კი თვითონ იქცევა დაუნდობელ არსებად. ზოგადად, სურათის სიუჟეტის მამოძრავებელი ძალა დედის სიყვარულია. ჯუნ ჰო ბონგი ისევ ოსტატურად აზავებს კომედიის, დრამისა და ჰორორის ელემენტებს და უდავოდ დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. 


ფოტო: IMDB

We Need to Talk About Kevin

კევინზე საუბარი სულ შეიძლება, ისევე, როგორც დედამისზე. ფილმში, რომელიც ლინ რემსმა 2011 წელს გადაიღო, ტილდა სვინტონმა და ეზრა მილერმა დედა-შვილის ურთიერთობის სირთულეებისგან ერთი დიდი პაზლი შექმნეს, რომლის აწყობაც ნამდვილად არ არის მარტივი ამოცანა. დედა, რომელსაც შვილი არ უნდოდა და უყვარდა კი ის? შვილი, რომელიც ურჩხული უფროა, თუმცა არის კი ის ურჩხული? ფილმის დასაწყისიდან მაყურებელმა უკვე იცის - კევინზეც და დედამისზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ოღონდ ამ საუბარს სისხლის ფასი აქვს. 


ფოტო: IMDB

Goodbye Lenin 

სურათში მოვლენები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ვითარდება. ორი შვილის დედა სოციალიზმის ერთგულია, თუმცა იმ დროს, როდესაც კედელი დაინგრევა ქალი კომაში იქნება და მომხდარის შესახებ ვერაფერს გაიგებს. იმისთვის, რომ გამოღვიძების შემდეგ დედამ არ ინერვიულოს შვილები მას სახელმწიფოში მომხდარი ცვლილებების შესახებ არაფერს ეუბნებიან და ყველა სირთულის მიუხედავად დიდ ხანს ახერხებენ ამ საიდუმლოს შენახვას. ვოლფგან ბეკერის ფილმში ნათლად ჩანს რისი გაკეთება შეუძლია შვილს საყვარელი დედისთვის. 


ფოტო: RIRCA

20th Century Women 

1979 წელი. დოროთეა ფილდსი მარტოხელა დედაა, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილის აღზრდას, მასში თანაგრძნობის უნარის გამომუშავებას დაუთმო, თუმცა გარდატეხის ასაკში ბიჭში სხვა თვისებებიც გამოაშკარავდება. დედას და შვილს სხვადასხვა ინტერესები აქვთ რაც მათ ურთიერთობას ხშირად ართულებს. დოროთეას კი მხოლოდ ის უნდა, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს. 

კომენტარები