ტყითსარგებლობა

2020 წლის თებერვალში ხე-ტყის მოპოვების და ტრანსპორტირების 390 უკანონო ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამინისტროების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 191 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

შიდა ქართლში იყო 49 შემთხვევა, იმერეთში - 42, ქვემო ქართლში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 16, აჭარაში - 11, გურიაში კი - 2;

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 308 მ3-მდე ხე-ტყე.

გარემოს დაცვის ად სოფლის მეურნეობის უწყებების მოწოდებული ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი მოხდა. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები