"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ადგილებით არ ვაჭრობს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ დროისათვის საარჩევნო სისტემაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ვაშაძე ეხმაურება არჩილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ამ დროისთვის "ოპოზიციის მეორე ნაწილსა" და ხელისუფლებას შორის შეთანხმება "ობიექტურად შესაძლებელია." თალაკვაძეს არ დაუზუსტებია, თუ ვის გულისხმობს "ოპოზიციის მეორე ნაწილში.
"მე არ ვიცი ისინი რა შეთანხმებაზე საუბრობენ, არ ვიცი რომელ ოპოზიციას გაიფორმებენ საკუთარ ოპოზიციად. არანაირი შეთანხმება არ არსებობს, სამწუხაროდ. დიახ ისინი უკან იხევენ. ჯერ იყო შემოთავაზება 100/50, შემდეგ 110/40 და ა.შ. ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ, არ ვაპირებთ, რომ საქართველოს მომავალი გავყიდოთ და ერთადერთი რითაც ვმუშაობთ და არის ნაკარნახევი ყველაფერი არის ის, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პროპორციულად იყოს ყველა ძალა წარმოდგენილი პარლამენტში," - ამბობს ვაშაძე.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც კობახიძისვე თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ვაშაძე ამბობს, რომ მის ხელთა არსებული ინფორმაციით, "ოცნება" მაჟორიტარული ოლქების იმგვარად გადანაწილებას აპირებს, რომ ამაზე ოპოზიცია არ დათანხმდება.
"საოცარი ინფორმაცია გავრცელდა მათი წყაროებიდან, რომ მაგალითად 15 ათასი კაცი მესტია-ლენტეხში აირჩევს ერთ მაჟორიტარს, თურმე, მათ მონაცემით და თბილისში 5 მაჟორიტარული ოლქი გვექნება სამასი ათასი ადამიანი აირჩევს. ასეთი რამე შევარდნაძეს არ გაუკეთებია მაჟორიტარული ოლქებისთვის. თბილისში მაშინაც კი 10 მაჟორიტარული ოლქი იყო და ესენი ფიქრობენ, რომ ამ სისულელეს ვინმე დათანხმდება. გამორიცხულია ხალხო," - ამბობს ვაშაძე.
ოპოზიციისთვის შესათავაზებელ ვერსიაზე ქართული ოცნების ოფისში 1 მარტს უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. მმართველი ძალის წარმომადგენლები მათ მიერ მუშუშავებული ვერსიის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.
ქართული ოცნების მიერ ამ დრომდე შეთავაზებული ორი მოდელიდან (საჯაროდ ნათქვამი 100/50-ზე და შეხვედრაზე ნათქვამი 110/40-ზე) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ 40%-ის პრინციპს.