საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო: "ქართული მარში" საპატრიარქოს მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად იქცა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ამბობს, რომ ქართული მარშის წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ "კარგა ხნის წინ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად თავისთავად იქცნენ".

განცხადებაში საუბარია 24 თებერვალს, საპატრიარქოსთან გამართულ აქციაზე და აღნიშნულია, რომ "ქართული მარშის" ხელმძღვანელისა და მისი რამდენიმე წევრის მხრიდან "ცრუ, ღირსების შემლახველი, მუქარის შემცველი განცხადებები" საპატრიარქოს წევრთა მიმართ პირველი არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო.

ამასთან, საპატრიარქო მიუთითებს, რომ "ეს კეთდება ეკლესიისადმი ვითომდაც გულშემატკივრობის სახელით".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ქართული მარშის" გამონათქვამები საპატრიარქოს პრესსპიკერ ანდრია ჯაღმაიძეს მიემართებოდა და მათი უკმაყოფილება დავით გარეჯის ბერთუბნის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია.

"მარშელებმა" აიტაცეს და გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავისი ვერსია იმის შესახებ, თითქოს პრესსპიკერმა ბერთუბანი აზერბაიჯანულ ძეგლად გამოაცხადა, რაც რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ჟურნალისტთან ნათქვამი საერთოდ არ გულისხმობდა ამ ძეგლის რომელიმე ქვეყნისათვის კუთვნილების საკითხს, არამედ საუბარი ეხებოდა ბერთუბნის კომპლექსის არსებობას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო აკონტროლებს; ბერთუბანი კი, რომ უძველესი ქართული სიწმინდე და კულტურის ძეგლია, არც მამა ანდრიასთვის და არც საქართველოს ისტორიის მცოდნე ნებისმიერი ადამიანისათვის სადავო არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქოში მიუთითებენ, რომ არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ შენიშვნა სტატიის ავტორმა ჟურნალისტმაც გაავრცელა, თუმცა "პატრიოტული პათოსით განმსჭვალული შეურაცხმყოფელი განცხადებები "მარშელთა" მხრიდან" კვლავ გაგრძელდა, შემდეგ კი საპატრიარქოსთან ჩატარებულ "20-25 კაციანი აქციაში გადაიზარდა და წერილობითი მოთხოვნით დასრულდა.

"ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მესვეურნი არასწორ და მკვეთრად უხეშ პოზიციას მიზანმიმართულად აფიქსირებენ და რეალობა არ აინტერესებთ. ამიტომაც, ისინი საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ კარგა ხნის წინ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად თავისთავად იქცნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოსთან "ქართული მარშის" მიერ გამართული აქციის შესახებ ინფორმაცია 24 თებერვალს ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

კომენტარები