აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაუწყებელში სუს-ია - აჭარა TV-ის ჟურნალისტებმა პროტესტი პირდაპირ ეთერში დუმილით გამოხატეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

"მაუწყებელში სუს-ია" - ამ სლოგანით აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში წუთიერი დუმილით გამოხატეს. 

"ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით" - თქვა გადაცემის "მთავარი" წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ. 

28 თებერვალს აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, გადაწყვეტილებით არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიური პროფკავშირის წევრები ამ გადაწყვეტილებას პროგნოზირებდნენ და მათთვის ღლონტის გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა. 

2019 წლის ბოლოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. სწორედ ამ პერიოდიდან ტელევიზიის ჟურნალისტები ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. 

მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა.

კომენტარები