NATO

NATO-ს ელჩები ბრიუსელში თურქეთის თხოვნით სირიაზე კონსულტაციისთვის შეიკრიბებიან

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO-ს ელჩები ბრიუსელში თურქეთის თხოვნით სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად შეიკრიბებიან.

"ალიანსის დამფუძნებელი შეთანხმების მეოთხე მუხლის საფუძველზე თურქეთის მხრიდან კონსულტაციების თხოვნის შედეგად ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს, რომელიც NATO-ს 29 წევრის ელჩებს მოიცავს, შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართება." ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.

თურქეთმა კონსულტაცია მას შემდეგ ითხოვა, რაც ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას იდლიბში 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 32. 1949 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმების მეოთხე მუხლის მიხედვით მოკავშირეებს შეუძლიათ მოითხოვონ კონსულტაცია, როდესაც მათი აზრით მათ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

შეხვედრა თბილისის დროის 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და ოფიციალური განცხადება მისი დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 15:00 საათზე გაკეთდება. შეხვედრამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.

თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-მა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ NATO-ს მოკავშირის გვერდით დგას და რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის თავდასხმის დაუწყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ტრამპმა და ერდოღანმა შესაძლოა საკითხი სატელეფონო საუბარში განიხილონ.

26 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ასადის რეჟიმის ძალებს იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო სადამკვირვებლო პოსტებიდან თებერვლის ბოლომდე გააძევებენ.

26 თებერვალს სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი აიღეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს.

სარაკიბი ამბოხებულებმა ასადის რეჟიმის თავდასხმისას, 3 კვირის წინ დაკარგეს. ნაირაბის შემდეგ ეს მეორე ქალაქია, რომლის დაბრუნებაც მათ შეძლეს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით, ასადის რეჟიმის ძალებმა, რომლებსაც მხარს რუსეთი და ირანი უჭერენ, მიმდინარე კვირას იდლიბის პროვინციის სამხრეთით 60 ქალაქი და სოფელი აიღეს.

მხოლოდ თებერვალში რუსეთისა და ასადის რეჟიმის თავდასხმებს იდლიბში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

გამოცემა Reuters თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა თურქეთი აღარ აპირებს ევროპაში წასვლის მსურველი მიგრანტები, მათ შორის სირიელები, შეაჩეროს.

კომენტარები