ალექსანდრე ჭიკაიძე

ქონება ბათუმში, ბაკურიანში, წინანდალში - ჭიკაიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გამდიდრდა

ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა ცოლმა ორ წელზე ნაკლებ დროში 5 უძრავი ქონება შეიძინეს. ეს იმ პირობებში, როცა ჭიკაიძე საჯარო სამსახურში აღარ იყო და თანამდებობის დატოვების დროს დანაზოგი ან დიდი სესხი არ უფიქსირდება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ქონებით საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო დაინტერესდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს.

TI-ში ამბობენ, რომ ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

ორგანიზაცია ყოფილი მაღალჩინოსნის გამდიდრების ქრონოლოგიასაც აქვეყნებს.

2018 წლის იანვარში, საჯარო სამსახურის დატოვების მომენტისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მან მხოლოდ 2 დაადეკლარირა:

  • 100.1 კვ.მ. ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო;
  • 2013 წლის 29 ნოემბერს 169,000 $-ად შეძენილი 293 კვ.მ. ბინა თბილისში, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის, რისთვისაც მან 140,000 $-ის ოდენობის სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან;
  • 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიღებული 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2017 და არც 2018 წლის დეკლარაციაში არ ასახა.
  • 2017 წლის 11 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში 3,500 ლარად შეძენილი 2.300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც მან, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, 2018 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა.

საჯარო სამსახურში თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ორ წელზე ნაკლებ დროში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 216.778 კვ.მ. მიწა. კერძოდ:

  • 2018 წლის 25 მაისს მან 59,266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.მ. მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-ში.
  • 2018 წლის 17 სექტემბერს 60,000 ლარად შეიძინა 142.865 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში.
  • იმავე დღეს 30,000 ლარად შეიძინა 72.113 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში.
  • 2019 წლის 7 მარტს 40,000 ლარად შეიძინა 1.800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში.
  • 2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10,000 დოლარად 85.1 კვ.მ. კოტეჯი შეიძინა.


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს ინფორმაციას ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ არაკეთილსინდისიერად შევსებული ქონებრივი დეკლარაციების შესახებაც.

ყოფილ შს მინისტრს 2012 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 6 დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 დეკლარაცია, კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული:

  • ბოლო, 2018 წლის დეკლარაციაში მან არ ჩაწერა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში შეიძინა 2.300 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწა.
  • 2017 წლის დეკლარაციაში მან არ ახსენა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 4 ნოემბრამდე ფლობდა შპს "ლეგიონი 2016-ის" 49%-იან წილს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემული არ ჰქონდა (მუხლი 13(6)).
  • 2017 წლის დეკლარაციაში მან ასევე არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიიღო 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2018 წლის დეკლარაციაში ასახა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საუბრობს იმაზეც, რატომ არის საეჭვო ჭიკაიძის მიერ ქონების დატოვება. გარდა იმისა, რომ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ დიდი ქონების მოკლე დროში დაგროვება თავისთავად საეჭვოა, მისი ახალი სამსახური, ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობა, ოფიციალურად არაანაზღაურებადია.

"ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის გამოყენებითაც მას ამ ხარჯის გაწევა შეეძლო. მეტიც, იმავე დეკლარაციის მიხედვით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული. თანამდებობის დატოვების შემდეგ ახალი საბანკო სესხი მან 2019 წლის 30 სექტემბერს, მას მერე აიღო, რაც უკვე ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება ბათუმში, წინანდალსა და საგურამოში", - აღნიშნავენ ორგანიზაციაშია.

გარდა ამისა, TI ამბობს, რომ საეჭვოდ დაბალია ჭიკაიძის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ფასებიც.

"სერიოზულ კითხვებს ბადებს 2019 წლის მარტში საგურამოში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწა 40,000 ლარად არის ნაყიდი, თუმცა 9 თვის შემდეგ (12.12.2019) გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში იგივე ქონება საქართველოს ბანკის მიერ 110,000 დოლარად არის შეფასებული", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიუთითებს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან ჩაერთო, მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი ჰქონდა.

"2019 წლის 3 ივლისს მან უსასყიდლოდ მიიღო შპს "ჯორჯიან ვინგზის" 50%-იანი წილი, ასევე დააფუძნა ორი ახალი კომპანია: 2019 წლის 24 ივლისს შპს "სანლე გრუპ", რომლის 50%-იან წილსაც ფლობს და 2019 წლის 7 ოქტომბერს შპს "რთველისი" – 25%. მანამდე ის, 2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე, ფლობდა შპს "ნიუ ჰელსის" 51%-იან წილს, რომელიც უსასყიდლოდ დათმო. ბიზნესით ის პირველად მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 15 თვეში, 2016 წელს დაკავდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ისკო დასენთან ერთად "დაცვითი საქმიანობით" დაკავებული შპს "ლეგიონი 2016" დააფუძნა. ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 3 ნოემბრამდე ფლობდა ამ კომპანიის 49%-ს, რომელიც მან 100 ლარად გაყიდა", - აღნიშნულია TI-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი ცოლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ დაარღვია ყოფილმა შს მინისტრმა კანონი.

ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იყო. შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა. 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

ალექსანდრე ჭიკაიძეს, მინისტრობის პერიოდში, ეკუთვნის გამონათქვამები: "პიროვნება თალიბანი", "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში", "თხევადი გერაინი" და ა.შ. სწორედ მან 2014 წელს ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარის მომზადებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როცა სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ზუსტად არ იცოდა, იყვნენ თუ არა დაკავებული ოპოზიციის დეპუტატები. მანვე, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულმა თქვა, რომ პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, თუმცა რეგისტრაციაში გატარებას მაინც ითხოვდა.

სწორედ ჭიკაიძის მინისტრობის დროს, ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბი გადაიღო. ისინი აცხადებდნენ, რომ ინციდენტი მეგობრული გარჩევა იყო და გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. მათთან ხმამაღალი საუბრისას, ინციდენტში მონაწილე პირები შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინებენ. ადგილზე რამდენიმე უცხო ავტომობილიც გამოჩნდა, რომლებმაც ჩხუბის მონაწილეები წაიყვანეს, თუმცა, მათ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ტაბულას მიერ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები