იდლიბის პროვინცია

Reuters: იდლიბში ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ თურქეთი ევროპაში მიმავალ მიგრანტებს არ შეაჩერებს

Reuters

გამოცემა Reuters თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა თურქეთი აღარ აპირებს ევროპაში წასვლის მსურველი მიგრანტები, მათ შორის სირიელები, შეაჩეროს.

ანონიმური წყაროების მიხედვით თურქეთი იდლიბიდან წამოსული მიგრანტების ახალ ტალღას ელის და ქვეყნის პოლიცია და სასაზღვრო დაცვის სამსახურები გაფრთხილებული არიან, რომ არ იმოქმედონ იმ მიგრანტების წინააღმდეგ, ვინც ევროპის ქვეყნებში გადასვლას საზღვაო ან სახმელეთო გზით შეეცდება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, და ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა, არ შევაჩეროთ სირიელი მიგრანტები, რომლებსაც ევროპაში გადასვლა სურთ. ყველა მიგრანტს, მათ შორის სირიელებს შეუძლიათ ევროკავშირში გადავიდნენ. ეს ერთი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტვირთია." თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის ანონიმურად დარჩენა ისურვა.

რუსეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაზე დაწყებული შეტევის შემდეგ მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია. ერდოღანმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ თურქეთი მიგრანტთა ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდა და მის შედეგებს ევროპაშიც იგრძნობდნენ.

2016 წელს ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში არალეგალურ გადასულ მიგრანტებს თურქეთში აბრუნებდნენ. თავის მხრივ ევროკავშირი ქვეყანას მიგრანტებზე ზრუნვაში ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. შედეგად თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი მიგრანტი იმყოფება და ერდოღანი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან დახმარება საკმარისი არ არის. გასულ წელს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია მშვიდობის წყარო დაიწყო. ერდოღანი ირწმუნებოდა, რომ მიზანს უსაფრთხო ზონის შექმნა წარმოადგენდა, სადაც მიგრანტებს დააბრუნებდნენ. თურქეთმა უკვე დაიწყო მიგრანტების სირიაში დაბრუნების პროცესი, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს მოტყუებით და ძალდატანებით ხდება.

შეგახსენებთ, რომ იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავდა 32. მათგაც არცერთი არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში. თურქეთმა საპასუხო დარტყმები განახორციელა სირიის მთავრობის სამიზნეებზე.

თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-მა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ NATO-ს მოკავშირის გვერდით დგას და რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის თავდასხმის დაუწყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ტრამპმა და ერდოღანმა შესაძლოა საკითხი სატელეფონო საუბარში განიხილონ.

26 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ასადის რეჟიმის ძალებს იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო სადამკვირვებლო პოსტებიდან თებერვლის ბოლომდე გააძევებენ.

26 თებერვალს სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი აიღეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს.

სარაკიბი ამბოხებულებმა ასადის რეჟიმის თავდასხმისას, 3 კვირის წინ დაკარგეს. ნაირაბის შემდეგ ეს მეორე ქალაქია, რომლის დაბრუნებაც მათ შეძლეს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით, ასადის რეჟიმის ძალებმა, რომლებსაც მხარს რუსეთი და ირანი უჭერენ, მიმდინარე კვირას იდლიბის პროვინციის სამხრეთით 60 ქალაქი და სოფელი აიღეს.

მხოლოდ თებერვალში რუსეთისა და ასადის რეჟიმის თავდასხმებს იდლიბში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

კომენტარები