ქართული ოცნების შეთავაზება

თალაკვაძე საარჩევნო წესზე: ჩვენი წინადადება არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ის წინადადება, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს, პრაგმატული და კომპრომისულია. 

თალაკვაძემ ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შესვლის წინ ისაუბრა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. 

"მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ის წინადადება, რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი,"- თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

შეხვედრიდან გამოსულმა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მედიასთან თქვა, რომ ხელისუფლემა ოპოზიციას ამჯერა 110/40-ზე პრინციპი შესთავაზა, რაც პარლამენტში 110 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევას გულისხმობს, 40-ის კი - მაჟორიტარულით. 

ვაშაძე ამბობს, რომ არცერთი ოპოზიციური ძალა ამას არ თანხმდება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება მთავარი პრინციპს, რომლის მიხედვითაც, თუკი ერთი ძალა 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მას არ უნდა შეეძლოს უმრავლესობის მოპოვება. 

ამ დრომდე ხელისუფლებას ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილებას სთავაზობდა, რასაც ოპოზიცია არ თანხმდებოდა და სანაცვლოდ მათ მანდატების 130/20-ზე განაწილება შესთავაზეს. თუმცა, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვეს და, შესაბამისად, ოპოზიციის ეს ვარიანტი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ განხილულა.

კომენტარები