აშშ-სომალი

სომალიში აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია დაჯგუფება ალ-შაბაბის ერთ-ერთი ლიდერი

სომალიში აშშ-ის საჰაერო დარტყმებს ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბის ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა, რომელიც თავდასხმებს გეგმავდა, მათ შორის იანვარში კენიაში ავიაბაზაზე თავდასხმას.

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით დადასტურებულია, რომ ზუსტი დარტყმების შედეგად მოკლულია სწორედ ამ თავდასხმასთან დაკავშირებული პირი და მისი ცოლი, რომელიც ასევე ალ-შაბაბის წევრი იყო. მათ მოკლულთა ვინაობები არ დაუსახელებიათ.

6 იანვარს კენიაში, სომალის საზღვართან ახლოს, მანდა ბეის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის და კენიის შეიარაღებული ძალები იყენებენ ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი დაიღუპა, მათგან ერთი სამხედრო, ხოლო ორი კონტრაქტორი. დაშავდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კიდევ ორი თანამშრომელი.

თავდასხმა რამდენიმე საათს გრძელდებოდა და განადგურდა ორი თვითმფრინავი, ორი ამერიკული ვერტმფრენი და რამდენიმე სამხედრო მანქანა.

თავდასხმისას მოკლეს ტერორისტული დაჯგუფების 5 წევრი.

ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბი ათწლეულზე მეტია სომალიში მთავრობის დამხობის და ისლამური კანონების დამკვიდრებისათვის იბრძვის. კენიამ სომალიში სამხედრო ძალები პირველად 2011 წელს გაგზავნა, მას შემდეგ, რაც საზღვარზე თავდასხმები და გატაცებები გახშირდა. ახლა 21,000-მდე კენიელი სამხედრო აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელთა რიგებში იმყოფება სომალის ტერიტორიაზე.

სომალში მთავობის დასახმარებლად ალ შაბაბის პოზიციებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების უფლება სამხედრო ძალებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის მარტში მისცა. მანამდე დარტყმები მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც ადგილზე მყოფ ამერიკელ მრჩევლებს ექმნებოდათ საფრთხე. ამჟამად აშშ-ს სომალში 500-მდე სამხედრო ჰყავს, რომლებიც მრჩევლების როლს ასრულებენ.

2019 წლესტერორისტულ დაჯგუფებაზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად 200-მდე წევრი მოკლეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ტერორისტულ დაჯგუფებას ამჟამად 3,000-დან 7,000-მდე წევრი ჰყავს.

კომენტარები