ბოკერია ოპოზიციაზე: ლიდერი არა, იდეა არსებობს, რომ უკონტროლო ხელისუფლება არავინ უნდა იყოს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდასთან მსხდომი პოლიტიკური პარტიები არ თანხმდებიან ფუნდამენტურ შეხედულებებზე, არამედ თამაშის წესებზე, რაც პროპორციული არჩევნებია. 

"თუ მოვახერხეთ და მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება გირჩის ინიციატივით, მართლმსაჯულების რეფორმასა და სასამართლოს რეფორმაზეც შედგება კონსენსუსი, ეს მხოლოდ კარგია ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჭრელი კოალიცია იქნება ის, ვინც ივანიშვილს დაამარცხებს და წინასწარ უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, რას გავაკეთებთ სწრაფად ქვეყნისთვის,"- ამბობს ბოკერია პალიტრას ეთერში. 

ოპოზიციური ლიდერის თქმით, ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას იმ არგუმენტით აკრიტიკებს, რომ ისინი ღირებულებებით განსხვავდებიან, თავად ოპოზიციური პარტიები კი ამ განსხვავებას აღიარებენ და ამომრჩეველს არ ატყუებენ, რომ ისინი ერთნი არიან.

"ეს არ არის ის ვითარება, რაც ქართულ ოცნებაში იყო 2012 წელს, რომ ერთი ლიდერი ჰყავდათ. აქ ლიდერი არა, იდეა არსებობს, რომ უკონტროლო ხელისუფლება არავინ უნდა იყოს," - ამბობს გიგა ბოკერია. 

გადაცემის წამყვანმა დეპუტატს დემოკრატიული საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძეს, შესახებ დაუსვა შეკითხვა, რაზეც ბოკერიამ უპასუხა, რომ ბურჯანაძის მომხრეებს იგივე უფლებები აქვთ, რაც მასა და თავად ბურჯანაძეს.

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ საკითხში და სხვა საკითხებშიც. სხვათა შორის, სხვებსაც, რომლებიც საგარეო საკითხებში ფასეულობით ჩემთან ახლოს არიან, სხვა ფუნდამენტურ საკითხებში არ ვეთანხმები.

ვიღაცები იქ თვლიან, რომ მთავრობა მშობელი უნდა იყოს და უნდა წაართვას ვიღაცას და მეორეს ასწავლოს, როგორ იცხოვროს, რაც კატასტროფა მგონია მე - სოციალიზმი. მაგრამ რაზე ვთანხმდებით? თამაშის წესებზე. რა არის ეს თამაში წესები? მთავრობა არ უნდა იყოს უკონტროლო, ანუ პროპორციულობა უნდა იყოს და ჩვენმა ტრადიციამ ეს გვასწავლა,"- ამბობს ბოკერია. 

ოპოზიციური ლიდერის განმარტებით, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ფორმატი სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ეს ამომრჩევლის დაკვეთა იყო, რომელსაც სურდა, რომ პროპორციულ არჩევნებს გაეერთიანებინა ყველა ოპოზიციური ძალა. ბოკერიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან გაავლო პარალელი და თქვა, რომ მაშინაც ბევრი კრიტიკა შეხვდა ევროპულ საქართველოს, როდესაც მეორე ტურში მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს, რომელთანაც ასევე ბევრი რამ განასხვავებდათ. 

"ჩვენ ამომრჩეველი არ მოგვიტყუებია. ახლაც პატიოსნად ვეუბნებით ამომრჩეველს, ეს არჩევნები არ არის ივანიშვილის ერთი პოლიტიკური ძალით შეცვლის არჩევნები. ეს არის ქვეყნის გადარჩენის არჩევნები პოლიტიკური ჭირისგან და თან ისე ვაკეთებთ ამას, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა დიდი უპირატესობით ვერ მოვა. მაჟორიტარულ ოლქებში განაწილება ამასაც უზრუნველყოფს. ამის შემდეგ ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, რომ იქნება გადასვლა ყველა ვარიანტში პროპორციულ არჩევნებზე და სულ მალე, იმედი მაქვს, დავპირდებით კონკრეტულ მართლმსაჯულების რეფორმას. ეს არ არის პატარა საქმე. 

ამის იქით ევროპულ საქართველოს გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვები, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, მთავრობამ ნაკლები ფული უნდა ამოუღოს ჯიბიდან მოქალაქეებს, ნაკლები ფული ფლანგონ, ეკონომიკაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები, მეტი იყოს თავისუფლება და კონკურენცია, რომ სოციალური დახმარება იყოს ტარგეტირებული და გაფლანგვის მაგივრად რეალური ინსტრუმენტები იყოს. ყველგან სხვაგან განათლებაში უნდა იყოს კონკურენცია. ამაში იქ ბევრი არ გვეთანხმება. მე ჩემს ამომრჩეველს ვეტყვი, რომ გვინდა, უპირატესობა გვქონდეს, რომ ან შემდეგ კოალიციაში ეს იდეები გავიტანოთ, ან იმის შემდეგში მოვიპოვოთ ძალაუფლება,"- თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები