სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში

ომბუდსმენი: ბათუმის ციხეში პატიმრებზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ და არაფორმალურად სჯიან

სპეციალური პენიტენციური სამსახური

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ციხეში პატიმრებისადმი დამოკიდებულება გამოსწორდა, ირკვევა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა და არაფორმალური დასჯა კვლავ ხდება.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულება შეისწავლეს და აღნიშნავენ, რომ ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ დაწესებულებაში, წინა წლებთან შედარებით, პატიმრების მიმართ თანამშრომლების დამოკიდებულება გამოსწორებულია, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობა და არაფორმალური დასჯა კვლავ ხდება.

მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა პატიმარი ფაქტობრივად, უწყვეტად, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ დეესკალაციის ოთახში, როცა მაქსიმალური ვადა 72 საათია. დოკუმენტის მიხედვით, ამ დროის შემდეგ, პატიმარს საკანში აბრუნებენ და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დეესკალაციის ოთახში გადაჰყავთ. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა დეესკალაციის ოთახიდან გაყვანის და შეყვანის დრო ერთი და იგივეა. ომბუდსმენის წარმომადგენლების აზრით, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პატიმარი ფორმალურად გამოჰყავთ, მისი ხელახალი დაბრუნების მიზნით.

დოკუმენტში საუბარია შემთხვევაზე, როცა ერთი პატიმარი დეესკალაციის ოთახში რამდენიმე წუთისა და საათების ინტერვალებით 11-ჯერ გადაიყვანეს. ის ოთახში ჯამში 17 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა.

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს შემთხვევაზე, როცა პატიმარი 17 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით დეესკალაციის ოთახში მცირე ინტერვალებით, ფაქტობრივად უწყვეტად, მთლიანობაში 9 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. კიდევ ერთი პატიმარი 4 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, ფაქტობრივად უწყვეტად, მთლიანობაში 17 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. ასევე, იყო შემთხვევა, როცა პატიმარი 12 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ფაქტობრივად უწყვეტად, მთლიანობაში 8 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული დეესკალაციის საკანში.

დეესკალაციის ოთახის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს პატიმრის მიერ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. თუმცა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ გამოკითხული პატიმრები ამბობენ, რომ ისინი ამ საფუძვლის გარეშეც გადაჰყავთ.

"კერძოდ, მათი განცხადებით, მითითებულ საკნებში მოთავსების რეალურ მიზეზს დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ კუთვნილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო პროტესტის გამოხატვა, სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევა და დაწესებულების თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შელაპარაკება წარმოადგენს და არა დებულებით განსაზღვრული საფუძვლები", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი მოთავსება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რომელმაც მიუთითა, რომ 72 საათიანი ვადის ხშირი გამოყენება არის დე ფაქტო დასჯა.

"დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება უნდა ემსახურებოდეს, მათ შორის, პატიმრის მიერ საკუთარი თავის დაზიანების თავიდან აცილების მიზანს, თუმცა დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე ან მოთავსების პარალელურად არ ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა, კრიზისის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის მიზნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ N3 დაწესებულების დეესკალაციის ოთახები არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი და ამ ოთახებში არსებული პატიმრობის პირობები ხშირად, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც ხდება", - აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ N3 დაწესებულების დეესკალაციის საკნებში, საცხოვრებელ საკნებთან შედარებით, პატიმრებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, შეზღუდულად მიეწოდებათ პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები; ამ ოთახებში მოთავსებული პატიმრების ტანსაცმელი ინახება დაწესებულების თანამშრომლებთან და პატიმრებს საკუთარ ტანსაცმელზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ასევე, პატიმრებს უმეტესად არ ეძლევათ შხაპის მიღების და გასეირნების საშუალება; მათ შეზღუდული აქვთ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება.

"ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში ყველა უფლება აქვთ შეზღუდული, მათ შორის, სახალხო დამცველთან და ადვოკატთან დარეკვაც. არ აძლევენ სიგარეტს, ფანჯარა დაკეტილია და არის უჰაერობა, არც მაღაზიიდან ყიდვის უფლება არა აქვთ. ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადებით, ადმინისტრაციას ინდივიდუალური მიდგომები აქვს პატიმრებთან მიმართებაში. თუ ინტერესი აქვთ რომელიმე პატიმრის მიმართ, მაშინ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პატიმრები ცუდ პირობებში ამყოფონ", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ ბათუმის ციხეში დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებენ ისეთ პატიმარსაც, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს სხვისი ან საკუთარი თავის დაზიანების რისკი.

დოკუმენტში მითითებულია, რომ რამდენჯერმე ამ ადამიანზე დეესკალაციის ოთახში ხელბორკილებიც გამოიყენეს. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსება, ხელბორკილის გამოყენება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების არ მიწოდება არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას და სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.

"დეესკალაციის ოთახებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშუალებები არასაკმარისია, დეესკალაციის ოთახში გადაყვანა უნდა გამოიყენებოდეს როგორც იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს და პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრისთვის მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა. ხოლო, თუ დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა არასაკმარისი იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნის მისაღწევად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში", - აღნიშნულია ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში.

სახალხო დამცველი საუბრობს იმაზეც, რომ ბათუმის ციხეში პატიმრების იზოლაცია ხანგრძლივად, ხანდახან თვეების განმავლობაში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური ვადა 30 დღეა და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს გონივრული ვადით.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მძიმეა სწორედ N4 დაწესებულების პატიმრებისთვის, რადგან აქ განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულები არიან და მათ სხვა პატიმრებთან შედარებით, ისედაც შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან ურთიერთობა, იქნება ეს პაემნები თუ სატელეფონო ზარები.

ანგარიშში მითითებულია, რომ სწორედ იზოლაციის, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ნაკლებობის და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობის ფონზე, პატიმრები სპეციალური პრევენციულ ჯგუფის წევრებთან გასაუბრებაზე ყოფნას უფრო მეტი ხნით ცდილობდნენ.

"[ცდილობდნენ] ესაუბრათ, თუნდაც არარელევანტურ საკითხებზე, რაც აჩენს იმის განცდას, რომ პატიმრებს საუბრის და ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ. ეს ყოველივე აისახება პატიმართა მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, რომლებიც ადვილად ღიზიანდებიან, ნებისმიერ, თუნდაც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხზე. ასე მაგალითად, ტელეფონოგრამების შესწავლიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების მიზეზი გახდა ის, რომ ულუფაში არ იყო ჩაი. ერთ-ერთი მსჯავრდებულის შიმშილობის მიზეზად კი მითითებულია დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან პატიმრის კუთვნილი ოთახის ფეხსაცმლის დაზიანება, რასაც ის ფსიქოლოგიურ ზეწოლად მიიჩნევდა", - აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ასეთი პირობები, გარდა იმისა, რომ აისახება პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ხშირად იწვევს პროტესტს, თვითდაზიანებებს და კონფლიქტებს. ანგარიშში მითითებულია, რომ ბათუმის ციხეში დაახლოებით 50 პატიმარია და 9 თვეზე ნაკლებ დროში დაწესებულებაში 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სუიციდის მცდელობა, თვითდაზიანება, შიმშილობა, ციხის თანამშრომლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ა.შ.

გარდა ამისა, ბათუმის N3 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად სახალხო დამცველი საუბრობს იქ არსებულ ფიზიკურ გარემოზეც, მათ შორის არის ვენტილაცია, განათება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები საერთო საშხაპეებში და ა.შ.

ანგარიშში საუბარია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც. აღმოჩნდა, რომ იყო პატიმრების შიმშილობის ან თვითდაზიანების მიყენების შემთხვევები ამ მომსახურების მიღების მოთხოვნით. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, N3 დაწესებულებაში ვიზიტის დროს მისი წარმომადგენლები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ და ადმინისტრაციას ხელი არ შეუშლია, თუმცა შეექმნათ პრობლემები დოკუმენტების მიღების პროცესში, იქნება ეს პატიმრების დაზიანების აღრიცხვის ჟურნალი, ინფორმაცია განცალკევებით მოთავსებული პატიმრების თუ დისციპლინური სახდელების შესახებ.

სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის არის დეესკალაციის ოთახებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და რეაგირება.

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ბათუმის N3 დაწესებულებაში მონიტორინგი 2019 წლის 16-17 სექტემბერს ჩაატარა. სპეციალური ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

კომენტარები