არჩილ ტატუნაშვილი

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: იმედია, მომავალში, გაერთიანებულ საქართველოში, მსგავსი აღარ მოხდება

სალომე ზურაბიშვილი
UN

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლის თავთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს.

"2 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა. დღეს ჩვენ, როგორც ერს, გვახსოვს ეს ტრაგიკული დღე და ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება",-წერს ზურაბიშვილი. 

2 წლის წინ, 2018 წლის 22 თებერვალს, ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს. მის ცხედარს, რომელიც ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. 

მისი მკვლელობის საქმეს, სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.

მისი მკვლელობის შემდეგ, ევროპული საქართველოს ინიციატივით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნა. დოკუმენტში შეყვანილია 33 პირი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან.

მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ევალებათ, ეროვნულ ბანკს კი ეთხოვება, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

სიაში შესულ ადამიანებს შეზღუდვები თავდაპირველად ლიტვამ დაუწესა, მოგვიანებით კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შავ სიაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესული ადამიანები შეიყვანონ, ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები