ქუთაისის პარლამენტი

მთავრობა ქუთაისის პარლამენტის შენობას ყიდის

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის პარლამენტის შენობას ყიდის. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა. შენობის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

"ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო, ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი" - თქვა გახარიამ.

მას შემდეგ, რაც 2019 წელს ძალაში ქართული ოცნების განახლებული კონსტიტუცია შევიდა, საპარლამენტო საქმიანობამ მთლიანად გადმოინაცვლა თბილისში, ქუთაისის პარლამენტის შენობა კი უფუნქციოდ დარჩა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობაში მომსახურების ცენტრის ანალოგი უნდა გაეხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

როგორც, მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის." - ამბობდა 2018 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

ქუთაისის პარლამენტის შენობის აშენება 326 მილიონზე მეტი დაჯდა.

კომენტარები