იზორიას დანიშვნა ელჩად

აბესაძე იზორიაზე: ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანის დანიშვნა ელჩად ძალიან ცუდი სიგნალია

რუსთავი2

ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, ლევან იზორიას მსგავსი რეპუტაციის ადამიანის დანიშვნა ელჩად, სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან ცუდი სიგნალია. იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩი გახდა. 

"საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ბატონ იზორიას სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებიდან გაპარვა მოუწია და როგორც ამბობენ, დიდწილად თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციული სკანდალების გამო. ასეთ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად გამწვავებულია საერთაშორისო რეაქციები საქართველოში მიმდინარე არადემოკრატიული და არაჯანსაღი პროცესების გამო, რა თქმა უნდა, ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანის დანიშვნა, ერთ ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში, არის ძალიან ცუდი სიგნალი სახელმწიფოს მხრიდან," - ამბობს აბესაძე.  

იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნამდე, მისი ძმის ვახო იზორიას კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პატრული მას აკავებს, შემდეგ კი კონკრეტულის პირების ჩარევის შედეგად ათავისუფლებს და ბოდიშსაც უხდის. კადრები მაშინ არის გადაღებული, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ასევე ისმის, როგორ ემუქრება "ფორმის გახდით" იზორიას ძმა პოლიციელებს. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს და დააქვეითეს.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იზორიას ელჩად დანიშვნა ამ კადრების გავრცელებამდე განიხილებოდა და კადრებს "ნეგატიურ PR კამპანიას" უწოდებს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა. სამინისტროს განცხადებამდე 27 იანვარს იზორიამ ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში თავად თქვა, რომ ის დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს ტოვებდა და ელჩად ინიშნებოდა. 

კომენტარები