სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები

საია: საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოების 129 გადაწყვეტილებიდან 48 აღუსრულებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ 129 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებიდან და განჩინებიდან, რომლებიც მინისტრთა კომიტეტს აღსასრულებლად გადაეგზავნა, 48 ჯერაც აღუსრულებელია.

საია-ს ინფორმაციით, 81 საქმეზე ზედამხედველობა დაიხურა, რადგან აღსრულებულად ჩაითვალა.

48-დან 25 საქმე გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა, ხოლო 21 სტანდარტული პროცედურის ფარგლებშია.

2 საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში იქნა გამოტანილი და ჯერჯერობით მინისტრთა კომიტეტს არ გადაუწყვეტია, რომელი პროცედურის ფარგლებში მოხდება ამ საქმის აღსრულების ზედამხედველობა.

ამასთან, მიმდინარე 48 საქმიდან:

  • 20 საქმე ე.წ. „წამყვანი საქმეა“ (leading case), რაც გულისხმობს, რომ საქმეები სტრუქტურულ ან/და კომპლექსურ პრობლემებს ავლენს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ზოგადი ღონისძიებების გატარებას და პრობლემის აღმოფხვრას საჭიროებს;
  • 28 საქმე კი ე.წ. „განმეორებად საქმეს“ (repetitive cases) წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ ამ საქმეებში წამოჭრილი სტრუქტურული ან/და კომპლექსური პრობლემა უკვე იდენტიფიცირებულია წამყვან საქმეში.

დღეის მდგომარეობით, საიას წარმოებაში არსებული 18 საქმე დაექვემდებარა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. ამ ეტაპზე აღსრულების პროცესი 9 საქმეზე გრძელდება. 9 საქმიდან 5 საქმე არის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო 4 საქმე სტანდარტული პროცედურის ქვეშაა. 3 საქმე კი წამყვანი საქმის კატეგორიას მიეკუთვნება.

გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ ან/და წამყვან საქმეებშია საიას წარმოებაში არსებული ისეთი საქმეები როგორიცაა:

  • ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები, რომელიც სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის დარღვევას, მათ შორის, სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიან გამოძიებას შეეხება. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები ჯამში 20 „განმეორებად“ საქმეს აერთიანებს.
  • ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეროვნულ დონეზე ბავშვთა არასათანადო წარმომადგენლობას და გადაწყვეტილების მიღების დროს მათი საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლობას შეეხება.
  • ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეეხება 2009 წლის 15 ივნისს აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა არასათანადო მოპყრობას და აქციის მონაწილეთა საქმეების განხილვას საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების დროულ და ეფექტიან აღსრულებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირველ რიგში იმ პირებისთვის, ვის მიმართაც ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების გარეშე დარღვეული უფლების და სამართლიანობის აღდგენა ინდივიდისთვის ვერ იქნება მიღწეული.

გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვისაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეები სტრუქტურულ და კომპლექსურ პრობლემებზე მიუთითებს. მინისტრთა კომიტეტის წინაშე მიმდინარე საქმეების სტატისტიკა ნათლად წარმოაჩენს, რომ საქმეების უმრავლესობა საქართველოში სხვადასხვა სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს ასახავს. მიუხედავად აღნიშნულისა, წამყვანი ან/და გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქმეების უმეტესობა დღემდე აღუსრულებელია საქართველოს მხრიდან და სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად დამატებით საჭიროებენ ქმედითი ზომების გატარებას.

კომენტარები