ვანო მერაბიშვილი

წულუკიანი მერაბიშვილზე: კვირა ერთი იყო და რამდენჯერმე ატყუებდნენ - პოლიტპატიმრად გაღიარესო

მან სრულად მოიხადა სასჯელი და აქედან გამომდინარე, მინდა, რაკი ის თავისუფალია, უფრო მწვავედ შევაფასო მისი საერთაშორისო დონეზე ადვოკატების საქმიანობა. კვირა ერთი იყო და რამდენჯერმე უთვლიდნენ ტელევიზიის მეშვეობით ტყუილებს - ეუბნებოდნენ, რომ აღიარეს პოლიტპატიმრად. ეს იყო სიცრუე. 

სამწუხაროდ, მე, ხანდახან, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სისტემას შეუერთდა, ვარ ხოლმე მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმართან მიმართებაში, როდესაც ატყუებენ, რომ მინისტრთა კომიტეტი, ევროსაბჭო გაათავისუფლებს. 

ბატონი ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, პატიმარს ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ მედიის საშუალებით. არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი. 

კიდევ ერთი ტყუილი იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადამდე გათავისუფლებას. დღეს ვნახეთ, რომ ეს იყო სიცრუე. ნაციონალური მოძრაობა და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები სიცრუის მანქანას ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, ამ შემთხვევაში, თავიანთივე პარტიის წევრი და, ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების მანძილზე ტყუილში აცხოვრეს. 

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, შს ყოფილ მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე. მერაბიშვილმა საპატიმრო, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა, დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

კომენტარები