ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა

ჯაფარიძე: "ოცნებას" ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო, ჩვენ საჯაროდ ვთქვით, რაც ვუთხარით

ტაბულა

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, იაგო ხვიჩიასა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა პრობლემა არ არის. მისი თქმით, ქართულ ოცნებას "ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო". 

"ჩვენ რომ შევხვდით და საჯაროდ ვთქვით, რაც ვუთხარით, ეგ საერთოდ არაა პრობლემა. რამდენი IQ სჭირდება ამის მიხვედრას?" - წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.

იაგო ხვიჩიას და არჩილ თალაკვაძის შეხვედრის შესახებ TV პირველის ეთერში გირჩის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, არჩილ თალაკვაძემ იაგო ხვიჩიას იქამდე მიწერა, სანამ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით "გადაგვაგდებდნენ". გირჩის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს 17 თებერვალს შეხვდნენ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია განიმუხტოს ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ მათ ვუთხარით - პირველი, რაც ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის არის კრიტიკული, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. შეუძლებელია, ნებისმიერ თემაზე საუბრის გაგრძელება მაშინ, როდესაც მეორე მხარე ფიზიკურად გირტყამს, გიგი უგულავას დაჭერა ზუსტად იმ დღეს მოხდა, როცა ოპოზიცია მსჯელობდა, რა წინადადებით შეიძლებოდა, მისულიყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, ეს არის მთავარი საკითხი" - თქვა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ სიტუაციის განმუხტვისთვის აუცილებელი პირობა უნდა იყოს პროპორციული არჩევნების დაპირების შინაარსობრივი შესრულებაც.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე შეხვედრა და საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები გუშინ შესთავაზა. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ "დიალოგი აუცილებელია" და "არ არის აუცილებელი, ყველა პარტია ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი".

მმართველი გუნდის შეთავაზებაზე ოპოზიცია უარს ამბობს და აცხადებს, რომ "ოცნებამ" დიალოგზე უარი თავად თქვა, როდესაც ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს, გიგი უგულავას, პატიმრობა შეუფარდა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. 

კომენტარები