ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს. 82 მომხრე, 0 წინაღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. შოთაძე ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.
ანრი ოხანაშვილის ინიციატივით და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ირაკლი შოთაძეს პლენარულ სხდომაზე კენჭი განხილვის გარეშე უყარეს. მას დღევანდელ სესიაზე არც მოხსენება წარუდგენია და არც დეპუტატების კითხვებისთვის უპასუხია. პლენარულ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა ოპოზიცია.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერდა, რადგან ის "ღირსეული და პროფესიონალია".
ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.
გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.