არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: ნებისმიერი პროტესტი ქვეყანაში დემოკრატიაზე მიუთითებს

ინტერპრესნიუსი

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც შოთაძის მთავარ პროკურორად მეორედ დამტკიცებას მოჰყვა, საქართველოში დემოკრატიაზე მიუთითებს.

"ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის ის, რომელიც ახლა არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს პოლიტიკური ძალა, მოქალაქეთა გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე. პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი", - თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს მოვალეობა, დაამტკიცოს მთავარი პროკურორი, მიუხედავად იმისა, რომ შოთაძის კანდიდატურას ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

"მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ოპოზიციონერებთან, არამედ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, დავამტკიცოთ პროკურორი და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება კანდიდატურას, ნორმალურია. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დილით დაიწყო. ოპოზიცია და აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის დერეფნებს აწყობენ, რითაც გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. დეპუტატების მანქანების პარლამენტის ეზოში შესვლისას აქტივისტები სკანდირებენ "მონა"-ს და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს.

აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. სამართალდამცველები დემონსტრანტებს შორის დგანან და ჟურნალისტებს კორდონებს შორის უწევთ მუშაობა.

აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციის ერთერთ თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციელმა მათ მოსთხოვა, გზის სავალი ნაწილი არ დაეკავებინათ.

ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, დღევანდელ სესიაზევე უყრიან თუ არა კენჭს მთავარი პროკურორობის ერთადერთ კანდიდატს. პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს 11:00-ზე, ხოლო პლენარული - 12:00-ზეა ჩანიშნული.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

კომენტარები