კილაძე: ოპოზიციას მისიის ჩამოსვლა არ უნდა, აწყობთ, რომ უგულავა პოლიტპატიმრად მოინათლოს

პარლამენტი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, ოპოზიციას არ უნდა ფაქტების დამდგენი კომისიის ჩამოსვლა, რადგან მათ ინტერესშია, რომ გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად მოინათლოს. 

"ჩვენ ნამდვილად დასამალი არაფერი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ რაც ისინი [ევროპარლამენტარები] გაეცნობიან ამ საქმეს ისინი თვითონვე მიხვდებიან, რომ ამ საქმეში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. ჩემთვის არ იყოს გასაკვირი სალომე სამადაშვილის კომენტარი, სადაც ის ფაქტობრივად ამბობს, რომ არ უნდა ფაქტების დამდგენი კომისიის ჩამოსვლა საქართველოში," - ამბობს კილაძე.

ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ "რაც უფრო მეტი დაკვირვება და ზედამხედველობა იქნება ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე, ძალიან კარგია, თუმცა მისივე თქმით,  გიგი უგულავა არ არის საქართველოში ერთადერთი პოლიტპატიმარი და პოლიტიკურად დევნილი ადამიანი და "ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებს მისიის შექმნა ვთხოვოთ, არარაციონალურია."

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული შემსწავლელი მისიის შექმნას მიესალმება, თუმცა ამისდა მიუხედავად, ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების მიერ შემსწავლელი მისიის მოწვევა მოკლევადიანი PR-სვლაა, რომელიც დროის მოგებას ისახავს მიზნად.

ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა ქართულმა ოცნებამ შესთავაზა, რის შესახებაც ინფორმაცია 12 თებერვალს, პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა. 

გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. 

უგულავას დაკავებას ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის საელჩოები გამოეხმაურნენ და მიუთითეს, რომ ეს ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები