თემურ აბაზოვი

აბაზოვი: ივანიშვილის დაცვის წევრი არ ვყოფილვარ, დელეგაციაში ერთხელ გავყევი

თემურ აბაზოვი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრად მუდმივად მუშაობდა. მარნეულის ყოფილმა მერმა ტაბულას უთხრა, რომ ყოფილ პრემიერს თურქეთში ვიზიტისას დაცვის წევრად ერთჯერადად გაყვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე განთავსებულია პრემიერმინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ვიზიტის შესახებ.

თემურ აბაზოვი მითითებულია დელეგაციის წევრად, როგორც ივანიშვილის დაცვის ოფიცერი. იმავე დელეგაციის წევრია შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

აბაზოვს ახლო ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან და ეს მის ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული ფოტოებითაც დასტურდება - ერთ-ერთ მათგანში აბაზოვი ივანიშვილს "გრიგორიჩად" მოიხსენიებს. თუმცა, აბაზოვმა ტაბულასთან საუბარში არ ისურვა ეთქვა, როგორი ურთიერთობა აქვს ივანიშვილთან და თქვა, რომ ეს საიდუმლოა.


ფოტო: facebook/Temur Abazovi
აბაზოვი მარნეულის ყოფილი მერია. ის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც საზოგადოებისთვის მის მიერ მოქალაქეზე ძალადობის შესახებ გახდა ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა, რომ თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". ვიდეო ალახვერდიევმა თავის ფეისბუქ გვერდზე დადო. "მონიტორის" მტკიცებით, ძალადობა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ ერთ-ერთ აქციაზე ელჩინ ახალვერდიევის მიერ ბიძინა ივანიშვილის და თემურ აბაზოვის მისამართით გინებას მოჰყვა.

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან, რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლდა.

მოგვიანებით დაინიშჯანათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც.

გუშინ, 12 თებერვალს კი ის რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

კომენტარები