გიგი უგულავას დაპატიმრება

ევროპარლამენტარები: კითხვები ჩნდება უგულავას განაჩენის მოტივაციაზე, პროცედურაზე, დროზე

amazonaws.com

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანმა ევროპარლამენტარებმა განცხადება გამოაქვეყნეს. 

"დამოუკიდებელი და ზეპარტიული სასამართლო სისტემა, რომელსაც აქვს საზოგადოების ნდობა, არსებითი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს ასევე საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დადებული პირობაცაა. სამწუხაროდ, ბატონი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენი გადაწყვეტილების პროცედურასთან, დროის შერჩევასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. 

ამასთან, ეს ასევე აღრმავებს დაძაბულობას საქართველოში არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში. დიალოგის გაგრძელება საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთ საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს. 

დემოკრატიისთვის ამ საკვანძო მომენტში ჩვენ საქართველოს პარლამენტში ჩვენს პარტნიორებთან ახლო კონტაქტზე ვრჩებით,"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, როგორც ევროპის სახალხო პარტიის, ისე სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (EPP, DE), ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი (S&D, EE) და საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი (S&D, EE).

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება 10 თებერვალს გამოაცხადა და ოპოზიციურ ლიდერს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლება აღუკვეთა. გადაწყვეტილება ეხება საქმეს, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს და ეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებშიც ასახულია. 

3 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიაში ერთერთი დეკემბერში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო. მოსამართლე თადუმაძე საქმეზე საკასაჩიო სარჩელის მომზადების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, რაც მისი საქმიდან აცილების საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა უგულავას დაცვის მხარის შესაბამისი შუამდგომლობა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

უგულავას საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში საპროტესტო ტალღის ფონზე განახლდა, სადაც ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი ერთერთი წამყვანი ლიდერი იყო. 

კომენტარები