აბაზოვის საქმე

აბაზოვი ალახვერდიევზე: ჩვეულებრივი დაინტერესებული ან გამოყენებული პირია, ჭიქაში ლუდი იყო

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირი, რომელსაც სახეზე მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის საკუთარი შარდის წასმა აიძულა, დაინტერესებული ან გამოყენებული პირია, ჭიქაში კი, მისი მტკიცებით, ლუდი იყო. 

მარნეულის ყოფილი მერი ამბობს, რომ არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, არც მისი ადგილზე ყოფნა დამტკიცდა და ჭიქიდან არც მისი ანაბეჭდები ამოვიდა. 

"არც ის [დამტკიცდა] რომ ამბობს, დავარტყი. რამდენიმე მოწმესთან, თავის მეზობელთან უსაუბრია, რომ გიჟი კი არ ვიყავი, შარდი რატომ უნდა წამესვაო. ვინ როგორ დამაძალებდა მოშარდვას? ეს როგორ უნდა მომხდარიყოო. რა თქმა უნდა, მე რომ წავედი, იქ ლუდის რამდენიმე ჭიქა იყო და ერთ-ერთი ავიღე და მოვედი, როგორც ამბობს, მე მოვაშარდინე - სინამდვილეში ეს ლუდი იყო",-ამბობს აბაზოვი.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ მოხვდა ჭიქაში შარდი, ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძება "მიდიოდა ისე, როგორც უნდა წასულიყო" და ამტკიცებს, რომ მისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში არავინ ჩარეულა და "არც იყო საჭირო."

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აბაზოვი გუშინ, 12 თებერვალს გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა მასთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.  

ოპოზიცია ამბობს, რომ აბაზოვის გათავისუფლება "ოცნების" ჟესტია, რომ მათ ერთგულ ადამიანებს "ამორალური და ამაზრზენი დანაშაულიც კი ეპატიებათ,".

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". აბაზოვი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.

2018 წლის 10 დეკემბერს მას პატიმრობის ნაცვლად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პატიმრობიდან გათავისუფლებიდან მალევე აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

კომენტარები