გიგი უგულავას დაკავება

ევოპარლამენტართა ჯგუფი უგულავაზე: ოპონენტების გასაჩუმებლად სასამართლო არ უნდა გამოიყენოთ

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი განახლებული ევროპა [Renew Europe] ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

ევროპარლამენტართა ჯგუფის აზრით, საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს.

"საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად. განახლებული ევროპის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, გმობს გიგი უგულავას მიმართ დამდგარ განაჩენს, რომელსაც 38-თვიანი პატიმრობა იმავე საქმეზე შეეფერდა, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, რადგან სასამართლო არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დასადუმებლად", - ნათქვამია საერთო განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არღვევს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - "ეს არღვევს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც მთავრობამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა უნდა უზრუნველყოს."

საერთო განცხადების გარდა, საკითხზე ცალკეული კომენტარები გაავრცელეს ფრაქციის წევრებმაც. გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა პეტრას აუსტრევიჩუსი, რამონა სტრუგარიუ, ბერნარ გუეტა და კარენ მელჩიორი.

"განახლებული ევროპა" ლიბერალური, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც მეცხრე მოწვევის ევროპარლამენტში დაარსდა. ჯგუფის წინამორბედი ევროპის დემოკრატთა და ლიბერალთა გაერთიანება იყო, რომელიც ალდეს სახელით იყო ცნობილი.

კომენტარები