თემურ აბაზოვის საქმე

აბაზოვი: გამართლებას ველოდი, ივანიშვილი ასეთ თემებში არ ერევა, სასამართლომ გადაწყვიტა

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებაში გაამართლა, ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა. მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ გაამართლებდნენ. 

"მე არ ვიცოდი ვიქნები თუ არა გამართლებული. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი მსგავს თემებში და საკითხებში არ ერევა. ანუ რომელ დახმარებაზეა საუბარი, რომელ ჩარევაზეა საუბარი? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სრულად პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს გადაწყვეტილება"- ამბობს აბაზოვი მთავართან საუბარში.  

გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც. პროკურატურაში აცხადებენ, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ. 

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს".

მარნეულის მერი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

მოგვიანებით კი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც დანიშნეს.

კომენტარები