გიგი უგულავას დაკავება

ინაშვილი უგულავას დაკავებაზე: ოცნება დამნაშავეებს გაუგებარ დროს და ალაგ-ალაგ სჯის

დამნაშავეების დასჯას, სააკაშვილის ჩათვლით, ჩვენ ვითხოვთ არა 2012 წლიდან, არამედ ჯერ კიდევ 2005 წლიდან. ყველა დამეთანხმება, რომ ამ მოთხოვნაში ჩვენ ვიყავით და ვართ თანმიმდევრულები.

რატომ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას? ეს შურისძიებაა? რა თქმა უნდა, არა! დამნაშავეების დასჯას და ფუნდამენტურ გამოძიებას, პირველ რიგში, იმიტომ ვითხოვთ, რომ დამნაშავეების დაუსჯელობა ახალი თაობისთვის ნიშნავს ცუდ, ძალიან ცუდ მაგალითს: შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და მერე ბედნიერად იცხოვრო. მეტიც, პოლიტიკურ ასპარზზე შემოიჭრა და გვასწავლო, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ამავე კონტექსტში განვიხილავთ უგულავას საკითხს.

და არა მარტო უგულავას საკითხს. სხვა თემაა, რომ 7 წლის მანძილზე "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინც და მაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ? ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა. იგივე უგულავას საქმე ძიებაშია ჯერ კიდევ 2013 წლიდან. ასეთი სტანდარტული, არართული საქმის გამოძიებას და მართლმსაჯულების შედეგს მაინც და მაინც 2020 წლის თებერვლამდე მოღწევა რატომ დაჭირდა? თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ, 2024 წლის არჩევნების წინ? ამ დროისთვის ან შენ სად იქნები და ან ქვეყანა რა ვითარებაში იქნება?

პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას ფეისბუკზე გამოეხმაურა.

კომენტარები